თაფლის სექტორის მრჩეველთა კომიტეტის მეორე შეხვედრა 2019 წლის 9 ოქტომბერს გაიმართა. შეხვედრაზე თაფლის ლაბორატორიული ანალიზების სუბსიდირების სქემა განიხილეს, რომელიც საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანებამ და კავკასიის ალიანსების პროგრამამ ერთობლივად შეიმუშავეს. ხაზი გაესვა იმას, რომ ქართული თაფლის საექსპორტო პოტენციალის რეალიზებისთვის ლაბორატორიულ ტესტირებაზე ხელმისაწვდომობა უმნიშვნლოვანესი ფაქტორია. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების წევრები, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი და მინისტრის მოადგილე, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია, კერძო ლაბორატორიები, თაფლის ექსპორტიორი კომპანიები და სხვა დაინტერესებული პირები.
„ჩემთვის თაფლის სექტორი სოფლის მეურნეობის დარგის ერთ-ერთი ყველაზე რთული სექტორია და ვფიქრობ, რომ მსგავსი ფორმატის შეხვედრები საშუალებას გვაძლევს გამოვავლინოთ საუკეთესო გზები დარგის განვითარებისთვის. მე ასევე მოხარული ვარ, რომ დღევანდელი შეხვედრის მთავარი საკითხი თაფლის ლაბორატორიული ანალიზებია, რადგან - გვაქვს თუ არა შესაძლებლობა საქართველოში ჩავატაროთ თაფლის ლაბორატორიული ანალიზი - ამ თემაზე ბევრი დისკუსია მიმდინარეობს. ზოგადად, ქართული პროდუქციის საერთაშორისო ბაზარზე შეთავაზებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს და თაფლი აღნიშნულ საკითხში ერთ-ერთ გამორჩეულ ადგილს იკავებს. ჩვენ მოწადინებულნი ვართ, რომ თაფლის სექტორი საექსპორტო სექტორად ვაქციოთ. თაფლის პოპულარიზაციისთვის ჩვენ უკვე გადავდგით რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი, როგორიცაა აპიმონდიასა და სხვა მნიშვნელოვან ღონისძიებებსა თუ გამოფენებში მონაწილეობა. მე ვფიქრობ, რომ ეს პლატფორმა ძალზე პროდუქტიული და ხელსაყრელია შემდგომი კომუნიკაციისთვის, “ -ლევან დავითაშვილი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი.
„ადგილობრივ ბაზარზე ლაბორატორიულ სერვისებზე ხელმისაწვდომობა არა მარტო შეამცირებს თაფლის თვითღირებულებას, ასევე უზრუნველყოფს ხარისხიანი თაფლის მიწოდებას, როგორ ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ბაზრისთვის“ - აღნიშნა მიხეილ თეთრუაშვილმა, საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების (GBU) საბჭოს წევრმა.
მინისტრმა ლევან დავითაშვილმა სამინისტროს სურსათისა და სოფლის განვითარების დეპარტამენტის უფროსს თენგიზ კალანდაძეს დაავალა: საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანებასთან თანამშრომლობა და შეხვედრაზე განხილულ საკითხებზე კოორდინირებული მუშაობის გაგრძელება.
თაფლის სექტორის მრჩეველთა კომიტეტი, როგორც ამ სექტორის წარმომადგენელთა საერთო ფორუმი, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს პროექტის, მერსი ქორფსის „კავკასიის ალიანსების პროგრამის“ მიერ 2018 წელს ჩამოყალიბდა.
სურათის წყარო: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო